ტორესი: "სალაჰი საოცრად სტაბილურია, ბოლო 5-6 წელია მსოფლიოს 2-3 საუკეთესო ფეხბურთელს შორის შედის"
"ლივერპულის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ფერნანდო ტორესმა უპასუხა კითხვას იმის შესახებ, არის თუ არა მისი აზრით მერსისაიდელთა ფორვარდი, მოჰამედ სალაჰი ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი.
"100 პროცენტით. ჩემი აზრით, არა მხოლოდ ეს სეზონი, არამედ ბოლო 2-3 სეზონია ბრწყინვალეა", - ციტირებს ტორესის სიტყვებს "ლივერპულის" ოფიციალური საიტი.
"ფეხბურთელების ინდივიდუალურ ჯილდოებზე მაშინ საუბრობენ, როცა ისინი გუნდებთან ერთად ტიტულებს იგებენ, მაგრამ ვფიქრობ, უკანასკნელი 5-6 წლის მანძილზე მსოფლიოს 2-3 საუკეთესო ფეხბურთელს შორის ერთ-ერთია. საოცრად სტაბილურია".
"ყველა რეკორდს ამხობს და გოლების გატანას აგრძელებს. ზოგჯერ ვსაუბრობთ და ძალიან გახარებული ვარ მის გამო, რადგან ვნახე, როცა ინგლისში პირველად ჩამოვიდა - თავიდან უჭირდა. მაგრამ შესანიშნავი ბიჭია და ჩინებული ფეხბურთელი, რასაც მთელ მსოფლიოს უმტკიცებს", - დასძინა ვეტერანმა ესპანელმა.
29 წლის ეგვიპტელმა სუპერვარსკვლავმა მიმდინარე სეზონში "ლივერპულის" მაისურით 14 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა საკუთარ აქტივში.