მწვრთნელის დაუდევრობა, რამაც ტრავმა გამოიწვია — რა რეკომენდაცია გასცეს ბარსას ექიმებმა დემბელესთან დაკავშირებით?
არ არის გამორიცხული, "ბარსელონას" თავდამსხმელმა, უსმან დემბელემ ბარძაყი იმის გამო დაიზიანა, რომ კიევის "დინამოსთან" (1:0) მატჩში მოედანზე დაგეგმილზე მეტი დრო გაატარა.
მოგეხსენებათ, 24 წლის ფრანგი სუპერვარსკვლავი ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში მინდორზე 65-ე წუთზე მოგვევლინა.
როგორც აღნიშნული დაპირისპირების შემდეგ გახდა ცნობილი, გარემარბმა ბარძაყის ტრავმა მიიღო და 3-4 კვირას იუქმებს.
როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა Diario Sport იტყობინება, "ბლაუგრანას" ექიმების რეკომენდაციის მიხედვით, დემბელეს საერთოდ არ უნდა ეთამაშა ან მინდორზე არაუმეტეს 15 წუთი უნდა გაეტარებინა.
მიუხედავად ამისა, "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის ვალდებულებების შემსრულებელმა, სერხი ბარხუანმა დემბელე თამაშის დასრულებამდე 25 წუთით ადრე შეუშვა, როცა ანგარიში ჯერ კიდევ 0:0 იყო.