"კლუბში დარჩენას არასდროს არავის ვაიძულებ", - ნაპოლის პრეზიდენტი ინსინიეს მომავალზე ალაპარაკდა

"ნაპოლის" პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა გუნდის კაპიტან ლორენცო ინსინიესთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე განცხადება გააკეთა.
"ჩვენზე არ არის დამოკიდებული, დარჩება თუ არა ინსინიე "ნაპოლიში". არასდროს არავის ვაიძულებდი კლუბში დარჩენას", - აცხადებს ნეაპოლელთა ხელმძღვანელი.
"ფეხბურთელებს საშუალებას ვაძლევ თავად გადაწყვიტონ, რომელია მათთვის საუკეთესო არჩევანი. თუ ინსინიეს დარჩენა უნდა, ამით ძალიან გახარებულები ვიქნებით", - ციტირებს დე ლაურენტისის სიტყვებს Tribalfootball.com.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ნაპოლი" 30 წლის ფეხბურთელს ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე ვერ უთანხმდება.
იტალიის ნაკრების ერთ-ერთ წამყვან ფიგურას ნეაპოლელებთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
მიმდინარე სეზონში ინსინიემ სერია ა-ში 10 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.