ავტორიზაცია

რატომ არ ენდობა კარლო ანჩელოტი ედენ აზარს?

რატომ არ ენდობა კარლო ანჩელოტი ედენ აზარს?
თარიღი 08 Nov 2021, 17:05

რეალის მთავარმა მწვრთნელმა არ მოიტყუა, როცა აზარის სათამაშო პრაქტიკაზე ილაპარაკა. ბოლო სამ მატჩში ბელგიელმა მხოლოდ 12 წუთი ითამაშა.

ბევრი ელოდა, რომ ანჩელოტი რაიოსთან მატჩში აზარს სასტარტოში დააყენებდა, თუმცა იტალიელმა არჩევანი ასენსიოზე შეაჩერა და 30 წლის ბელგიელი სკამზე დატოვა. თუმცა, ის მოედანზე რომც გასულიყო - მხოლოდ მარჯვენა შემტევის პოზიციაზე დადგებოდა, რაც მისთვის საყვარელი ადგილი ნამდვილად არ არის.

ყველაზე კომფორტულად აზარი თავს მარცხენა ფლანგზე გრძნობს, იქ კი ანჩელოტის თავისი ხელშეუხებელი უკვე ჰყავს - ვინისიუსი.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ანჩელოტიმ აზარზე, როგორც ფლეიმეიქერზეც უარი თქვა, რადგან საბოლოოდ 4-3-3 ფორმაციაზე შეაჩერა არჩევანი. ვინისიუსის პროგრესი და რეალის მწვრთნელის მიერ შერჩეული ტაქტიკა ბელგიელს სასტარტო შემადგენლობის გარეშე ტოვებს.

ოსასუნასთან მატჩის წინა პრესკონფერენციაზე კარლომ თქვა, რომ აზარს არ ათამაშებს, რადგან სხვა ფეხბურთელები ურჩევნია, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რამდენად მეორეხარისხოვანია ედენი მისთვის. თავისი მადრიდული კარიერის მანძილზე პირველად, 30 წლის ფეხბურთელი სასტარტოდან არა ტრავმების გამო, არამედ მწვრთნელის გადაწყვეტილებით ამოვარდა, რომელმაც ვინისიუსზე შეაჩერა არჩევანი.

მბაპეს პოტენციური ტრანსფერი, რომელიც მომდევნო ზაფხულს უნდა შედგეს (თუ რაიმე ზებუნებრივი არ მოხდა), აზარის სასტარტოში მოხვედრის შანსებს კიდევ უფრო შეამცირებს. ამიტომ, მადრიდიდან აბარგების ვარიანტი ბელგიელისთვის უფრო და უფრო რეალურს ემსგავსება

მიუხედავად ამისა, აზარი ბელგიის ნაკრებისთვის დღემდე მნიშვნელოვან მოთამაშედ რჩება. მთავარი მწვრთნელი რობერტო მარტინესი მასზე იმედებს კვლავაც ამყარებს და იმედოვნებს, რომ ნაკრებში კარგი თამაში ედენს კლუბში სიტუაციის გამოსწორებაში დაეხმარება. იგივეს იმედი აქვთ კლუბის ხელმძღვანელობის გარკვეულ წევრებსაც, თუმცა დრო უფრო და უფრო ცოტა რჩება...