წაიყვანეთ, თუნდაც უფასოდ - ბარსელონა კოუტინიოს მოშორებას ცდილობს
"ბარსელონას" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ნახევარმცველის, ფილიპე კოუტინიოს მოშორება უნდა, იტყობინება Diario Sport.
ესპანური გამოცემის თანახმად, კატალონიელთა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რონალდ კუმანის გათავისუფლების შემდეგ, ბრაზილიელმა კლუბში მხარდაჭერა დაკარგა. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელობა 29 წლის ფეხბურთელის თამაშით უკმაყოფილოა, მაგრამ მის პროფესიონალიზმს ძალიან აფასებენ.
"ბარსას" ზამთარში კოუტინიოს გაყიდვა უნდა. კლუბს ეს შარშანაც და შარშანწინაც უნდოდა, მაგრამ კარგი წინადადებები არ ჰქონიათ.
ახლა "ბლაუგრანა" იმედოვნებს, რომ კოუტინიოსადმი ინტერესს "ნიუკასლი" გამოიჩენს. როგორც აღინიშნება, კატალონიური გრანდი ფილიპეს იჯარით გაშვებასაც კი დათანხმდება, შემდგომი გამოსყიდვის ვალდებულებით.