ბარსელონა დემბელეს შენარჩუნების ახალ გეგმაზე გადავიდა
"ბარსელონა" ოსმან დემბელესთან კონტრაქტის გასახანგრძლივებლად მზად არის. ყველაფერი დამოკიდებულია ერთ საინტერესო დეტალზე, რომელიც ფრანგ შემტევს უკავშირდება.
Sport-ზე დაყრდნობით, კატალონიელთა ვინგერის ყოველწლიური ხელფასი დამოკიდებული იქნება სეზონში ჩატარებულ შეხვედრების რაოდენობაზე. აღნიშნული იდეა წამოაყენა "ბლაუგრანას" სპორტულმა დირექტორმა, მატეუ ალემანიმ.
"ლურჯ-ბროწეულისფრებმა" უკვე გაითავისეს ის ფაქტი, თუ რამდენად ტრავმატულია მათი მეშვიდე ნომერი და სწორედ ამიტომ, კლუბი გადადის ფეხბურთელის შენარჩუნების ახალ მეთოდზე.
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში 24 წლის გარემარბის სახელს აქტიურად უკავშირებენ ფინანსურად მოძლიერებულ "ნიუკასლ იუნაიტედს".
აქვე დავამატებთ, დემბელე "კამპ ნოუზე" თამაშობს 2017 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მან 119 შეხვედრაში 30 გოლის გატანა მოასწრო . ფრანგი ფლანგელი ამჯერადაც ტრავმირებულია.