ორი გაშვებული თანამშრომელი, ჯარიმები და წესების კასკადი - ხავიმ ბარსელონაში მკაცრად დაიწყო
„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა, კლუბის სტრუქტურაში ცვლილებები დაიწყო.
AS-ის ინფორმაციით, ესპანელმა სპეციალისტმა კლუბის ორ თანამშრომელზე უარის თქმა გადაწყვიტა. შედეგად, „ბარსელონამ“ დაკავებული თანამდებობიდან ფიზიოთერაპევტი ხუანხო ბრაუ და ფიზმომზადების მწვრთნელი ალბერტო როკე გაათავისუფლა.
„ბარსას“ ახალი ფიზმომზადების მწვრთნელი ივან ტორესი გახდება.
პრესაში რამდენიმე დღეა იწერება, რომ „ბარსელონას“ დირექტორი მატეუ ალემანი და ხავი კლუბის სამედიცინო შტაბის მუშაობით ძალიან უკმაყოფილონი არიან.
ცნობისთვის, სეზონი მხოლოდ არასრული სამი თვეა დაიწყო, „ბარსელონას“ კი უკვე 11 სხვადასხვა ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავდა და მათი უმეტესობა დღემდე მკურნალობას.
გარდა შტატში ცვლილებებისა, ხავიმ „ბარსელონას“ ფეხბურთელებისთვისაც სერიოზული ცვლილებები დააწესა.
კერძოდ, იმავე წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელები სავარჯიშო ბაზაზე უშუალოდ ვარჯიშის დაწყებამდე 1.5 საათით ადრე უნდა გამოცხადდნენ, რათა ვარჯიშისთვის უკეთ მოემზადონ. რაც შეეხება მწვრთნელებს, ისინი მწვრთნელს ადგილზე 2 საათით ადრე უნდა დახვდნენ.
ფეხბურთელები ვალდებულები იქნებიან, ისაუზმონ და ივახშმონ კლუბის დიეტოლოგების მკაცრი კონტროლით. ეს დიეტა მათ ტრავმების თავიდან არიდებაში დაეხმარება.
გარდა ამისა, შემოღებული იქნება დაჯარიმებების სისტემა, რომელიც თავის დროზე ლუის ენრიკემ გააუქმა. დარღვევის გამეორების შემთხვევაში, ჯარიმა გეომეტრიული პროგრესიით გაიზრდება.
მატჩის დაწყებამდე 48 საათით ადრე, ფეხბურთელებს სახლში გვიან მისვლა აკრძალული ექნებათ. ეს იმისთვის კეთდება, რომ ისინი თამაშს მაქსიმალურად კარგ კონდიციაში შეხვდნენ.
ასევე, სპორტსმენების დასვენების დღეებიც მკაცრად გაკონტროლდება. იმ შემთხვევაში, თუ მათ სადმე შორს, ქალაქგარეთ მოუნდებათ წასვლა, აუცილებლად უნდა მოიკითხონ მწვრთნელის თანხმობა. ფეხბურთელებს აეკრძალათ სერფინგით გართობა და ელექტროველოსიპედებით სარგებლობა.
ამ ყველაფრის გარდა, სპორტსმენები ვალდებულები არიან, კლუბის კარგ იმიჯს შეუწყონ ხელი.