ავტორიზაცია

იუვენტუსის ფეხბურთელი, რომელსაც საკმაოდ მაღალი ხელფასი აქვს და ალეგრიმ აითვალწუნა

იუვენტუსის ფეხბურთელი, რომელსაც საკმაოდ მაღალი ხელფასი აქვს და ალეგრიმ აითვალწუნა
თარიღი 10 ნოე 2021, 12:08

არ არის გამორიცხული, "იუვენტუსის" ნახევარმცველმა, აარონ რემსიმ ტურინული გრანდი იანვარშივე დატოვოს.

როგორც ცნობილი იტალიური გამოცემა Calciomercato იტყობინება, უელსელი "ბებერი ქალბატონის" მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის გეგმებში არ შედის. ოქტომბრის დასაწყისიდან მან მოედანზე მხოლოდ 7 წუთი გაატარა - ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის ეგიდით, "ზენიტთან" (1:0) შეხვედრაში.

მიმდინარე სეზონში რემსი სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ერთხელ მოგვევლინა - სერია ა-ს პირველ ტურში "უდინეზესთან" (2:2) გამართულ შეხვედრაში.

გავრცელებული ინფორმაციით, "იუვე" იანვარში 30 წლის ნახევარმცველის გაყიდვას ეცდება, მაგრამ თუ ეს ვერ მოხერხდება, კონტრაქტს გაუწყვეტს, რომელიც 2023 წლამდეა ძალაში. ტურინში რემსის წლიური ანაზღაურება 10 მილიონ ევროს შეადგენს.

აღინიშნება, რომ თავად რემსიც მზად არის "იუვენტუსიდან" წავიდეს, მაგრამ კომპენსაციას ითხოვს.