"ჩვენს გამოკითხვებში აზრები ორად იყოფა", - ვენგერი ფიფას მიერ წამოჭრილ იდეას აფასებს
"არსენალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, რომელიც ამჟამად ფიფას გლობალური ფეხბურთის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელია, მსოფლიო ჩემპიონატის ყოველ ორ წელში ერთხელ ჩატარების იდეაზე საკუთარი აზრი გამოთქვა.
"გაკვირვებული ვარ იმით, რომ დისკრიმინაციისგან თავისუფალ საზოგადოებაში, ქუჩაში მოსიარულე ნებისმიერი ადამიანი, როცა ჰკითხავენ, ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ყოველ ორ წელში ერთხელ ჩატარება კარგი იდეაა თუ არა, იტყვის: "დიახ, შესანიშნავია, ეს ხელს შეუწყობს თამაშის განვითარებას".
"მაშინ რატომ არის ეს ცუდი მამაკაცთათვის? ეს ცხადყოფს, რომ უარყოფა ემოციებზეა დაფუძნებული. მუნდიალის ყოველ ოთხ წელში ერთხელ ჩატარების ცოდნით გავიზარდეთ და გვინდა, ყველაფერი უცვლელი დარჩეს".
"ჩვენს გამოკითხვებში აზრები ორად იყოფა. ახალგაზრდა თაობა ამ იდეას მხარს უჭერს, ხოლო ისინი, ვინც 50 წლისაა, წინააღმდეგნი არიან".
"არ უნდა გვეშინოდეს. თანამედროვე ბიჭი, რომელიც ფეხბურთს უყურებს, მცოდნეა, მომთხოვნია, მისთვის იმის ხარისხია მნიშვნელოვანი, რასაც თვალყურს ადევნებს. დღეს ხარისხზეა მოთხოვნა, ხალხი კი კარგადაა ინფორმირებული. ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ მათთვის ამ ხარისხის მიწოდებაზე", - განაცხადა ვენგერმა რიო ფერდინანდთან ჩაწერილ ინტერვიუში.