"ამის უფლება არ გაქვთ, ეს არ შეიძლება", - რაზე უსაყვედურა ხავიმ პირველ ვარჯიშზე ბარსას ფეხბურთელებს?
კატალონიის "ბარსელონას" ახალი მთავარი მწვრთნელი, ხავი გუშინ გუნდის ფეხბურთელებს პირადად პირველად ესაუბრა.
ვარჯიშის წინ, სიტყვით გამოსვლისას, 41 წლის სპეციალისტმა ბოლო მატჩის შედეგზე ისაუბრა, სადაც "ბარსა" სტუმრად "სელტას" (3:3) დაუპირისპირდა, წერს Diario Sport.
"მეტი შეგიძლიათ. როცა პირველ ტაიმს 3:0 მოიგებ, არ გაქვს უფლება მეტოქეს ანგარიში გაათანაბრებინო. ეს არ შეიძლება", - განუცხადა ხავიმ შეგირდებს.
შეგახსენებთ, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" თავკაცის პოსტზე კატალონიელი სპეციალისტი, რომელიც აქამდე ყატარულ "ალ სადს" წვრთნიდა, ოფიციალურად გუშინ წარადგინეს.
ხავის პროფესიონალური კარიერის დიდი ნაწილი სწორედ "ბარსაში" აქვს გატარებული. გუნდის რიგებში მას 767 მატჩი აქვს ჩატარებული და დიდი ხნის მანძილზე ამ მაჩვენებლით რეკორდსმენი იყო (შემდეგ ლიონელ მესიმ გადაუსწრო, რომლის აქტივშიც 778 შეხვედრაა). ამ დროის განმავლობაში ესპანელმა "ბარსასთან" ერთად 25 ტიტული მოიგო.