"ნეტავ, მატჩის შემდეგ მხოლოდ ზლატანის შეურაცხყოფა გვახსოვდეს" - გურამ კაშია
საქართველოს ნაკრების მცველმა გურამ კაშიამ შვედეთთან მატჩამდე პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"ზლატანი ძალიან კარგი ფორვარდია და მის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის საინტერესოა. სიმართლე ისაა, რომ არ ვაქცევ ყურადღებას, რას მეუბნება მატჩის მიმდინარეობისას მეტოქე. ნეტავ, შეხვედრის შემდეგ მხოლოდ ზლატანისგან მიღებულ შეურაცხყოფებს ვისმენდეთ.
რა თქმა უნდა, გვიხარია გულშემატკივრის ტრიბუნაზე დაბრუნება. ფაქტობრივად, ბოლო 2 საშინაო დაპირისპირება ნეიტრალურ მოედანზე ვითამაშეთ, თუმცა ყველამ ვნახეთ, რამდენად დიდი ძალაა ქომაგი, ეს ესპანეთის წინააღმდეგაც გამოჩნდა. იმედია, ხვალიდან დავიწყებთ ბათუმი არენაზე გოლების ათვლას," - განაცხადა გურამ კაშიამ.
საქართველოსა და შვედეთის მატჩი 11 ნოემბერს, ბათუმში გაიმართება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.