საქმეში რუსული გუნდიც ჩაერთო - შოთა არველაძის გადაბირება კრასნოდარს სურს
ბოლო დღეებში საკმაოდ აქტიური განხილვის თემაა, სად გააგრძელებს მუშაობას ქართველი მწვრთნელი შოთა არველაძე. მსურველთა სიას კიდევ ერთი გუნდი, რუსული კრასნოდარი დაემატა.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემები ავრცელებენ და sportarena წერს, რომ ტედესკოსთან და ჩერევჩენკოსთან ერთად 48 წლის ქართველი სპეციალისტი "ხარების" ჩაბარების მთავარი კანდიდატია.
გასულ კვირას ძალიან აქტიურად იწერებოდა შოთა არველაძის ინგლისურ ჰალ სიტიში დანიშვნის შესახებ. კლუბს თურქი ბიზნესმენი ყიდულობს და სწორედ მისი სურვილი იყო, "ვეფხვებისთვის" შოთას ეხელმძღვანელა.
როგორც ჩანს, ამ მომენტში შოთა არველაძეს 2 ვარიანტი აქვს, საკმაოდ ცნობილი კლუბებიდან - აირჩევს ჰალ სიტის თუ კრასნოდარს, ეს ყველაფერი უახლოეს დღეებში უნდა გადაწყდეს.
შოთა არველაძე 2020 წლის შემდეგ უმუშევარია, მისი ბოლო კლუბი უზბეკური ტაშკენტის ფახთაქორი იყო, სადაც აბსოლუტურად ყველაფერი მოიგო(ჩემპიონატი, თასი, სუპერთასი) და გუნდი ღირსეულად, მაღალ მწვერვალზე დატოვა.