"კონტემ აზარი დაიწუნა და ტოტენჰემის პრეზიდენტს ბეილის დაბრუნება სთხოვა", - ესპანელი ჟურნალისტი
"ტოტენჰემის" ახალი მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე "რეალის" თავდამსხმელის, ედენ აზარის ლონდონურ კლუბში შესაძლო გადასვლის წინააღმდეგია.
"დენიელ ლევის (კლუბის პრეზიდენტი - ავტ.) ედენ აზარის შეძენა უნდოდა, მაგრამ კონტემ მას უარი უთხრა. მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ აზარს "ჩელსიში" მუშაობიდან იცნობს. როგორც კონტე აცხადებს, ედენს ინტენსივობა და შრომისმოყვარეობა აკლია".
"გასაკვირია, მაგრამ კონტემ ლევის ლონდონში გარეტ ბეილის დაბრუნება სთხოვა. კონტრაქტი მას სეზონის ბოლოს ეწურება, მაგრამ ზამთარში უფასოდ წასვლას ვერ მოახერხებს", - განუცხადა ჟურნალისტმა, ედუარდო ინდამ El Chiringuito TV-ს.
მიმდინარე სეზონში 30 წლის ბელგიელმა "რეალის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 11 მატჩი ჩაატარა და 1 შედეგიანი პასი ჩაიწერა საკუთარ აქტივში.
რაც შეეხება ბეილს, 32 წლის უელსელმა 2021/22 წლების სეზონში მადრიდული გრანდის ღირსება მხოლოდ და მხოლოდ 3 შეხვედრაში დაიცვა და თავი ერთი გოლით გამოიჩინა.