ბარსელონას ხელმძღვანელობა ხავის ზამთრის ტრანსფერებისთვის მიზერულ თანხას გამოუყოფს
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის კატალონიის "ბარსელონას" სახსრები სერიოზულად შეზღუდული იქნება.
როგორც ავტორიტეტული გამოცემა ESPN იტყობინება, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელობა შემადგენლობის გასაძლიერებლად 10 მილიონ ევროზე ნაკლებს გამოყოფს.
"ბარსას" აღმასრულებელმა დირექტორმა, ფერან რევეტერმა აქამდე თქვა, რომ კლუბს იანვარში ტრანსფერებისთვის 20 მილიონი ექნებოდა.
მიუხედავად ამისა, ანსუ ფატისთან და პედრისთან გაფორმებული გრძელვადიანი კონტრაქტების შემდეგ, ეს თანხა შემცირდა. აგრეთვე, "ბარსას" ფულის დახარჯვა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რონალდ კუმანის გათავისუფლებასა და მის ნაცვლად ხავის დანიშვნაშიც მოუწია.
"ბლაუგრანას" ახალ დამრიგებელს სურს, რომ ზამთარში გუნდი თავდამსხმელით გააძლიეროს. ყველაზე სასურველი ის ფორვარდია, რომელმაც ფლანგზე თამაში იცის.
შეგახსენებთ, სერხიო აგუერო გულის პრობლემების გამო მინიმუმ 3 თვეს იუქმებს, ანსუ ფატი, უსმან დემბელე და მარტინ ბრეიტუეიტი კი მთელი სეზონია ტრავმებს უჩივიან.
"ბარსა" აქცენტს არენდებზე გაამახვილებს. კლუბი ახალწვეულებს დიდ ხელფასებს ვერ გადაუხდის. თუ კატალონიელები იანვარში ვინმეს გაყიდიან, მაშინ სახელფასო ხარჯები შემცირდება, რაც კლუბს უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს.
დიდი ალბათობით, "ბარსა" დანი ალვეშს არ დაიმატებს, რადგან არსებული თანხების დახარჯვა სხვა მიმართულებით სურს.