"რა თქმა უნდა, პსჟ-ში გადმოსვლა სარისკო იყო", - ვეინალდუმმა მიზეზები დეტალურად განმარტა
"პარი სენ ჟერმენის" ნახევარმცველმა, ჟორჟინიო ვეინალდუმმა პარიზულ კლუბში ადაპტაციის პერიოდის შესახებ ისაუბრა.
ბოლო მატჩებში 31 წლის ჰოლანდიელი ხშირად გვევლინება გუნდის ძირითად შემადგენლობაში.
"უბრალოდ თავდაუზოგავად ვშრომობდი იმისათვის, რათა უკეთესი გავმხდარიყავი და რაიმე შემეცვალა", - ციტირებს ჰოლანდიელის სიტყვებს Liverpool Echo.
"ახალი ქვეყანა, ენა, ხალხი - ეს ყველაფერი უჩვეულო იყო როგორც ჩემთვის, ისევე ჩემი ოჯახისთვისაც. ასე რომ, ადაპტაციის გავლას ვცდილობ".
"რა თქმა უნდა, აქ გადმოსვლა სარისკო იყო, მაგრამ ვფიქრობ, ფეხბურთელებს მომდევნო ნაბიჯის გადასადგმელად ზოგჯერ კომფორტის ზონიდან გასვლა სჭირდებათ".
"გადაწყვეტილებებს გრძნობებზე დაყრდნობით ვიღებ. ამ არჩევანთან დაკავშირებით, კარგი განცდები მრჩება. ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია, რათა ეს არჩევანი ჩემთვის საუკეთესო აღმოჩნდეს, ამიტომაც არ მეშინია", - დასძინა ვეინალდუმმა.