ახალი ცნობები ერიქსენის შესახებ — როდის შეძლებს საფეხბურთო მოედანზე დაბრუნებას დანიელი?
"ინტერის" ნახევარმცველი, კრისტიან ერიქსენი, რომელსაც ევრო 2020-ზე ფინეთთან გამართული მატჩის მიმდინარეობისას გულის შეტევა ჰქონდა, რეაბილიტაციის კურსს აგრძელებს.
ამ დროისთვის, 29 წლის ფეხბურთელი სამშობლოშია. დანიელი კარიერის განახლებას გეგმავს, თუმცა, დიდი ალბათობით, ამას მომდევნო სეზონში მოახერხებს.
დიდი ალბათობით, ერიქსენი იტალიაში არ დარჩება. სავარაუდოდ, გამოცდილი ნახევარმცველი ერთ-ერთ დანიურ ან ჰოლანდიურ კლუბს მიაშურებს.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ნერაძურის" ნახევარმცველისადმი ინტერესს მისი ყოფილი კლუბი, ამსტერდამის "აიაქსი" იჩენს.
შეგახსენებთ, ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის ეგიდით, ფინეთისა და დანიის ნაკრებებს შორის 12 ივნისს გამართული შეხვედრის დროს ერიქსენი მინდორზე დაეცა და გონება დაკარგა. სპორტსმენს დაახლოებით 15 წუთის მანძილზე მოედანზე უწევდნენ დახმარებას, შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ფეხბურთელს გულის შეტევა ჰქონდა.
საავადმყოფოში დანიელს იმპლანტირებული კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი ჩაუდგეს. მას შემდეგ ფეხბურთელს ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.