ამხანაგური მატჩი დიდი მნიშვნელობით! საქართველო უზბეკეთის წინააღმდეგ
საქართველოს ნაკრები 2021 წლის ბოლო მატჩს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართავს. ვილი სანიოლის შეგირდები უზბეკეთის ნაკრებს ამხანაგურად დაუპირისპირდებაინ.
შვედეთთან გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებს უზბეკეთთან შეხვედრისთვის კიდევ 3 მოთამაშე გამოაკლდა. როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდი წერს, ჯვაროსნებს ლუკა ლოჩოშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე დაზიანების გამო ვერ დაეხმარებიან, ხოლო ჯაბა კანკავა გუნდთან ერთად ოჯახური მდგომარეობის გამო არ იქნება.
- საქართველოს ნაკრები და უზბეკეთი აქამდე მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს, 2017 წლის იანვრის შეკრებაზე, როცა ვლადიმირ ვაისმა ეროვნული ლიგის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრები წაიყვანა დუბაიში. ის შეხვედრა 2-2 დასრულდა და სხვათაშორის, უზბეკეთის ნაკრებიდან დუბლი ელდორ შომუროდოვმა გაიფორმა, რომელიც დღეს იტალიური რომას წევრია. ჩვენგან თავი თეიმურაზ შონიამ და საბა ლობჟანიძემ გამოიჩინეს. ეს უკანასკნელი ამჟამადაც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელია.
საქართველოს ნაკრები გორში მატჩს მეორედ გამართავს. პირველად ასეთი შემთხვევა 2017 წლის ნოემბერში იყო, როცა კვიპროსის ნაკრებთან 1-0 მოვიგეთ. ერთადერთი გოლი გიორგი ქვილითაიამ ჯაბა კანკავას საგოლე პასით გააკეთა. უზბეკეთის წინააღმდეგ ნაკრების განაცხადში არცერთი ეს მოთამაშე არ იქნება.
ერთადერთი ფეხბურთელი, ვინც გორის დილადან ახლა საქართველოს ნაკრებშია გამოძახებული მეკარე ლუკა გუგეშაშვილია, თუმცა როგორც ვილი სანიოლმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე დაანონსა, უზბეკეთის წინააღმდეგ კარში ბათუმის დინამოს მეკარე ლაზარე კუპატაძე იდგება.
- მატჩისწინა კომენტარი
- ვილი სანიოლი: "წლის ბოლო მატჩს უზბეკეთის წინააღმდეგ გავმართავთ. რა თქმა უნდა, ბედნიერი ვართ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ორი მატჩი წარმატებით დავასრულეთ. ფეხბურთელებმა კარგად იციან, რომ უზბეკეთის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრას ზუსტად ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც ეს შვედეთთან იყო. ჩვენ ოთხი თვის განმავლობაში ვერ შევხვდებით ერთმანეთს, აქვე ვიტყვი, რომ ივნისისთვის მოსამზადებლად მარტიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ასევე პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელებმა ისეთივე გუნდური თამაში აჩვენონ როგორც ეს ბოლო ორ შეხვედრაში იყო. რადგან ეს არის გზა, რომლითაც შევძლებთ რაიმე საინტერესო შევქმნათ."
- სავარაუდო შემადგენლობა
- საქართველო: კუპატაძე - კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა - ლობჟანიძე, აბურჯანია, კვეკვესკირი, აზაროვი - კვარაცხელია, ვოლკოვი, დავითაშვილი
საქართველოსა და შვედეთის მატჩი 18:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივ მაუწყებელზე იხილავთ.