"იქ არ ვიქნებით მხოლოდ მონაწილეობისთვის" - სვანაძის კომენტარი ინგლისთან მოგების შემდეგ

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ბათუმში ინგლისის ასაკობრივი გუნდი მიიღო და მინიმალური სხვაობით, 3-2 დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ ჯვაროსნების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ კომენტარი გააკეთა.
„გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთ-ერთ გრანდს ამარცხებ, გუნდს, რომელსაც ინგლისის პრემიერ ლიგის ბევრი ფეხბურთელი ჰყავს შემადგენლობაში - ეს ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა. მინდა მთელ საქართველოს მივულოცო ეს გამარჯვება და სტადიონზე მოსულ გულშემატკივარს მსურს მადლობა ვუთხრა იმ მხარდაჭერისთვის, რაც მთელი 90 წუთი ასე იგრძნობოდა ტრიბუნებიდან.
აქვე აღვნიშნავ, რომ ეს საწყისი ეტაპია - ამ თამაშით დასრულდა ევრო 2023-ისთვის მოსამზადებელი პროცესის პირველი წელი და კარგია, რომ გამარჯვებით დავასრულეთ. განვლილი პერიოდიდან გამომდინარე, ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას - საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, არ იქნება ის გუნდი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ მონაწილეობის მისაღებად გამოვა. ჩვენც გვექნება ჩვენი მიზნები, ჩვენი ამბიცია და ჩვენც ვეცდებით ჩვენსას, დანარჩენი უკვე შემდგომ სალაპარაკოა," - განაცხადა სვანაძემ.
მოგეხსენებათ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპს არ თამაშობს, რადგან 2023 წელს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ვართ.