პოლ სქოულზმა კარიერაში 3 ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ნახევარმცველმა, პოლ სქოულზმა თავის კარიერაში 3 ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა.
"როცა ნახევარდაცვის ცენტრში ვთამაშობდი, მოედანზე გასვლისას ვფიქრობდი: "უბრალოდ მინდა აქ მარტო ვიყო, ახლოს არავინ იყოს. მსურს სივრცე ვიპოვო და გადაცემები ვაკეთო".
"მაგრამ ისეთი ბიჭების წინააღმდეგ თამაში მიწევდა, როგორიც რობი სევიჯია. ძალიან უსიამოვნო მეტოქე, ყოველთვის ცდილობდა ჩემს დაკეტვას. მე კი ეს არ მომწონდა. მინდოდა ლამაზად და ლაღად მეთამაშა. არ მჭირდებოდა მოწინააღმდეგეთათვის ჩარტყმა ან ფიზიკურად მათზე მაღლა დგომა".
"აგრეთვე, დავასახელებ პატრიკ ვიეირას. ძალიან მაღალი და ისეთი დიდი იყო. უკვე ფიქრობ, რომ ბურთს აკონტროლებ, მაგრამ უეცრად გართმევს. პატრიკი ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელი გახლდათ".
"კიდევ ერთ ფეხბურთელს დავასახელებ, რომელსაც ვერავინ წარმოიდგენდა. გახსოვთ პაპა ბუბა დიოპი? დიდი, უზარმაზარი. მას "კარადას" ვეძახდით. მუდმივად იძულებული ვიყავი მასთან ორთაბრძოლაში ჩავრთულიყავი და დროს ფუჭად ვკარგავდი. ყოველთვის უხერხული იყო მის წინააღმდეგ თამაში. რა თქმა უნდა, ვიეირასნაირი არ გახლდათ, მაგრამ ტალანტს მაინც ფლობდა", - ციტირებს სქოულზის სიტყვებს Daily Mail.