ბარსელონა ლონდონური შოპინგისთვის ემზადება - კატალონიელთა რადარზე ჩელსის ფეხბურთელები არიან

Diario Sport-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" დაინტერესებულია ლონდონის "ჩელსის" ერთბაშად სამი ფეხბურთელით. კატალონიელთა სატრანსფერო სიაში არიან შემდეგი მოთამაშეები:
ჰაკიმ ზიეჩი, კრისტიან პულიშიჩი და კალუმ ჰადსონ-ოდოი. როგორც ვხედავთ, "ბლაუგრანა" სერიოზულად ფიქრობს წინახაზის გაძლიერების შესახებ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში.
პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ "ლურჯ-ბროწეულისფრები" მუშაობენ "არისტოკრატთა" ფეხბურთელების განათხოვრების წესით აყვანაზე, მაშინ როდესაც ინგლისელები მხოლოდ გაყიდვას განიხილავენ.
აღსანიშნავია, რომ ზემოთხსენებული სამეულიდან "ლურჯების" სასტარტო შემადგენლობის მუდმივი წევრი არცერთი არ არის. აქედან გამომდინარე, "კამპ ნოუზე" ერთ-ერთის მაინც გადასვლის შანსი არსებობს.