მანჩესტერ იუნაიტედში სოლსკიაერის შემცვლელად? — ზიდანმა ეშმაკუნებს პასუხი შეუთვალა

"რეალის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი ოლე-გუნარ სოლსკიაერის გათავისუფლების შემთხვევაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებას არ აპირებს.
"ეშმაკუნებს" ფრანგი სპეციალისტის მიწვევა სურდათ, თუმცა ამ უკანასკნელმა კლუბის ბოსებს განუცხადა, რომ ამჟამად პრემიერ ლიგაში სამუშაოდ მზად არ არის.
ზიდანს ზაფხულამდე დასვენება უნდა, წერს გავლენიანი გამოცემა Sport Bild-ის ჟურნალისტი, კრისტიან ფალკი.
შეგახსენებთ, 49 წლის მწვრთნელი ბოლოს "რეალში" მუშაობდა, საიდანაც მაისში აიბარგა და მას შემდეგ უმუშევარია.
თავის მხრივ, სოლსკიაერი "მანჩესტერ იუნაიტედს" 2018 წლიდან უდგას სათავეში. მისი ხელმძღვანელობით, მანიკუნიანელებმა ბოლო 12 მატჩიდან 6 წააგეს.
ამჟამად "ემიუ" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილს იკავებს და მე-4 ადგილს 5 ქულით ჩამორჩება.