ავტორიზაცია

იუვენტუსი არგენტინის ჩემპიონატის ბომბარდირს უმიზნებს და კონკრეტული თანხაც გაამზადა

იუვენტუსი არგენტინის ჩემპიონატის ბომბარდირს უმიზნებს და კონკრეტული თანხაც გაამზადა
თარიღი 18 ნოე 2021, 12:11

ტურინის "იუვენტუსი" "რივერ პლეიტის" თავდამსხმელის, ხულიან ალვარესის ხელში ჩაგდებით ინტერესდება.

როგორც ავტორიტეტული გამოცემა ESPN იტყობინება, იტალიური გრანდი 21 წლის თავდამსხმელის იანვარში ყიდვის ვარიანტზე ფიქრობს.

კლუბებს შორის არაფორმალური მოლაპარაკებები უკვე შედგა. "ბებერი ქალბატონი" მზად არის 15 მილიონი ევრო გადაიხადოს. ამასთანავე, კიდევ 10 მილიონი ბონუსების სახით იქნება გათვალისწინებული, რაც გარკვეული მიზნების მიღწევაზე იქნება დამოკიდებული.

თუმცა, "რივერს" არგენტინელის სანაცვლოდ 20 მილიონის მიღება სურს. ალვარესის კონტრაქტში ჩადებული პუნქტის თანახმად, მისი გამოსასყიდი თანხა 25 მილიონამდე გაიზრდება, თუ რომელიმე კლუბი შეთავაზებას სატრანსფერო ფანჯრის ბოლო 10 დღეში გააკეთებს.

Transfermarkt-ის ვერსიით, ხულიანს კონტრაქტის ვადა 2022 წლის 31 დეკემბერს ეწურება. აქამდე არსებული ცნობით, ახალგაზრდა ფორვარდით "მილანიცაა" დაინტერესებული.

მიმდინარე სეზონში ალვარესმა "რივერის" მაისურით 16 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა. იგი არგენტინის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.