ავტორიზაცია

სანტუში: "რონალდუ სერბ ფეხბურთელს ეუბნებოდა: "ჩემი გოლი რომ არ გაეუქმებინათ, ახლა ვერ გაიცინებდი"

სანტუში: "რონალდუ სერბ ფეხბურთელს ეუბნებოდა: "ჩემი გოლი რომ არ გაეუქმებინათ, ახლა ვერ გაიცინებდი"
თარიღი 18 ნოე 2021, 14:18

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდუ სანტუშმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირდაპირი საგზურის დაკარგვის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს ემოციების შესახებ ისაუბრა.

საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით ტურში სერბეთთან (1:2) მარცხის შემდეგ პორტუგალიელთა კაპიტანი გუნდის დამრიგებელს ემოციურად ესაუბრა, რომელიც მასთან ხელის ჩამოსართმევად მივიდა. 36 წლის პორტუგალიელმა სპეციალისტს საჩვენებელი თითი უჩვენა, შემდეგ კი ხელები ასწია.

"როცა სერბეთთან მატჩი დასრულდა, საშინელი იმედგაცრუება იყო. ფეხბურთელები მინდორზე იწვნენ, დანარჩენები თავდახრილები იდგნენ".

"მოედანზე შევედი ფეხბურთელების მხარდასაჭერად და კრიშტიანუს გვერდით გავუარე, რომელიც სერბეთის ნაკრების მოთამაშეს ეუბნებოდა: "ჩემი მესამე გოლი რომ არ გაეუქმებინათ, ახლა არ გაგეცინებოდა".

"ვუთხარი უბრალოდ დამშვიდებულიყო და დანარჩენი ფეხბურთელების მხარდასაჭერად წავედი. კრიშტიანუ ჩემში ბოლომდე დარწმუნებულია", - განაცხადა სანტუშმა TVI-სთან ინტერვიუში.

მარტში სერბეთთან (2:2) გამართული მატჩის 93-ე წუთზე, რონალდუმ კარში დაარტყა, თუმცა სერბების მცველმა, სტეფან მიტროვიჩმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა. მსაჯებმა ჩათვალეს, რომ იმ ეპიზოდში ბურთს ხაზი არ გადაუკვეთავს, ამიტომაც გოლი არ ჩაითვალა.