ორი მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ არის პოჩეტინოს მანჩესტერში დანიშვნა რეალური
"პარი სენ ჟერმენის" მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო "მანჩესტერ იუნაიტედში" მუშაობით დაინტერესებულია, საიდანაც ცოტა ხნის წინ ოლე-გუნარ სოლსკიაერი გაათავისუფლეს.
49 წლის არგენტინელმა თავის მეგობრებს აცნობა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ მანიკუნიანელთა გაწვრთნის წინააღმდეგი არ არის, წერს The Times.
თავის მხრივ, როგორც Daily Mail იტყობინება, პოჩეტინო პარიზულ კლუბში თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა.
გავრცელებული ინფორმაციით, პოჩეტინო დაიღალა იმ გასახდელის მართვით, სადაც ეგოიზმისკენ მიდრეკილი ლიონელ მესი, ნეიმარი და კილიან მბაპე დომინირებენ.
გარდა ამისა, მწვრთნელი დღემდე სასტუმროში ცხოვრობს, რადგან მისი ოჯახი ლონდონში დარჩა, სადაც თავის დროზე "ტოტენჰემს" ედგა სათავეში.
"მანჩესტერ იუნაიტედი" 2018 წლის დეკემბერში პოჩეტინოს კანდიდატურას უკვე განიხილავდა, სოლსკიაერის დანიშვნამდე, როცა ჟოზე მოურინიოს შემცვლელს ეძებდა.
შეგახსენებთ, უახლოეს მატჩებში "ეშმაკუნებს" მაიკლ კერიკი უხელმძღვანელებს.