ავტორიზაცია

"საჩუქარი გამიკეთა მატჩის დაწყების წინ", - მოურინიომ სერია ა-ში შევჩენკოს დებიუტი შეაფასა

"საჩუქარი გამიკეთა მატჩის დაწყების წინ", - მოურინიომ სერია ა-ში შევჩენკოს დებიუტი შეაფასა
თარიღი 22 ნოე 2021, 12:42

"რომას" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ "ჯენოას" დამრიგებლის პოსტზე ანდრეი შევჩენკოს დებიუტზე განცხადება გააკეთა.

მოგეხსენებათ, სერია ა-ს მე-14 ტურში გენუელები შინაურ კედლებში რომაელებთან ანგარიშით 0:2 დამარცხდნენ, ორივე გოლი შეხვედრის მიწურულს გაუშვეს.

მოურინიო და შევჩენკო ერთად "ჩელსიში" მუშაობდნენ, მაშინ უკრაინელი ბომბარდირი "არისტოკრატთა" ღირსებას ფეხბურთელის რანგში იცავდა, პორტუგალიელი კი მთავარი მწვრთნელი გახლდათ.

"მატჩის დაწყების წინ, შევჩენკომ ერთი ბოთლი წითელი ღვინო მაჩუქა. ეს ინგლისურ ფეხბურთში ტრადიციული საჩუქარია, რომელსაც, როგორც წესი, სტუმარი გუნდის მწვრთნელს ჩუქნიან. აგრეთვე, მის დამხმარეს, მაურო ტასოტის ვესაუბრე".

"გახარებული ვარ საკუთარი თავის გამო და გამარჯვებით, თუმცა იმედგაცრუებული მის გამო. მაგრამ ერთხელაც სიტუაცია შეიცვლება. ის გაიხარებს გამარჯვებით და ნაწყენი დარჩება ჩემი მარცხით".

"მთავარი ის არის, რომ შევჩენკო ფეხბურთზე და მწვრთნელის სამსახურზე შეყვარებულია. ამ საქმეზე უნდა გიჟდებოდე, რათა წარმატებით შეასრულო", - ციტირებს მოურინიოს სიტყვებს Football Italia.