"ხელებს იქნევენ და ერთმანეთს ადანაშაულებენ", - რუნიმ მანჩესტერის ფეხბურთელები გააკრიტიკა
"დერბი ქაუნთის" მთავარმა მწვრთნელმა, უეინ რუნიმ, რომელიც წლების მანძილზე "მანჩესტერ იუნაიტედში" ასპარეზობდა, გუნდის თავკაცის თანამდებობიდან ოლე-გუნარ სოლსკიაერის გათავისუფლებაზე განცხადება გააკეთა.
ინგლისელმა სპეციალისტმა ნორვეგიელის პროდუქტიული მუშაობა აღნიშნა და "ეშმაკუნების" ფეხბურთელები გააკრიტიკა.
"ვფიქრობ, კარგად იმუშავა, კლუბს სტაბილურობა დაუბრუნდა. მაგრამ ცხადია, ისეთ კლუბში, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია", სამსახურს კარგავ, თუ საჭირო შედეგები არ იქნება".
"ოლეს გამო ძალიან ვწუხვარ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, "მანჩესტერ იუნაიტედი" წარმატებით განვითარდება და შესაფერის მწვრთნელს იპოვის".
"ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი, როცა "უოტფორდთან" გამართულ მატჩს ვუყურე. მწვრთნელს შეუძლია მითითებების მიცემა, ყველაფრის თქმა, მაგრამ ზოგიერთი ფეხბურთელის ასეთ თამაშს არანაირი ახსნა არ აქვს. დაუშვებელია, როცა ფეხბურთელები ბურთის დაკარგვის შემდეგ ხელებს იქნევენ და ერთმანეთს ადანაშაულებენ".
"ეს რომ ჩემი ფეხბურთელებისგან მენახა, ძალიან გავბრაზდებოდი. ეს მოთამაშეები მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კლუბში ირიცხებიან. "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაში პრივილეგიაა".
"ჩემი აზრით, ფეხბურთელებმა მეტი უნდა გააკეთონ. აუცილებლად ჩემპიონთა ლიგის ან პრემიერ ლიგის მოგებაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ გულშემატკივრებს უნდა დაუმტკიცონ, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის კლუბი", - ციტირებს რუნის სიტყვებს talkSPORT.