მონაწილეობს თუ არა ფერგიუსონი მანჩესტერისთვის ახალი მწვრთნელის ძიებაში? — ESPN-ის ვერსია
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული მწვრთნელი, ალექს ფერგიუსონი ოლე-გუნარ სოლსკიაერის გათავისუფლების შემდეგ ახალი სპეციალისტის ძიებაში მონაწილეობას არ იღებს.
როგორც ავტორიტეტული გამოცემა ESPN იტყობინება, 79 წლის შოტლანდიელი კანდიდატთა განხილვაში არ მონაწილეობს და კლუბის საბოლოო გადაწყვეტილებაზე გავლენას არ მოახდენს.
პრეტენდენტთა ძიებაზე პასუხისმგებლობა "ეშმაკუნების" სპორტულ დირექტორ ჯონ მერტოსა და ტექნიკურ დირექტორ დარენ ფლეტჩერზე აკისრიათ.
ზემოთნახსენები ფუნქციონერები "ემიუს" ვიცე-პრეზიდენტ ედ ვუდვორდსა და აღმასრულებელ დირექტორ რიჩარდ არნოლდს წარუდგენენ კანდიდატთა სიას. საბოლოო გადაწყვეტილებას ჯოელ გლეიზერი მიიღებს.
შეგახსენებთ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" გუნდის თავკაცის პოსტიდან სოლსკიაერი სამი დღის წინ დაითხოვა, 48 წლის ნორვეგიელი მანიკუნიანელებს 2019 წლის მარტიდან ედგა სათავეში.