"უსამართლო გადაწყვეტილებაა, გავასაჩივრებთ", - ბენზემას ადვოკატი ვალბუენას საქმეზე
"რეალის" თავდამსხმელის, კარიმ ბენზემას ადვოკატმა, სილვენ კორმიემ განაცხადა, რომ საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, მატიე ვალბუენას შანტაჟის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდება.
მოგეხსენებათ, სასამართლომ ბენზემა დამნაშავედ სცნო, 1-წლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯა და ჯარიმის სახით 75 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.
"სასამართლომ ნათლად განაცხადა, რომ კარიმი ქმედებების კრიმინალურ ხასიათს ვერ აცნობიერებდა. ეს ძალიან მკაცრი, უსამართლო სასჯელია, მტკიცებულებების გარეშე".
"აპელაცია აუცილებელია და ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, ბენზემას სამარცხვინო არაფერი აქვს. ის სააპელაციო სასამართლოში აღდგება", - ციტირებს ადვოკატის სიტყვებს RMC Sport.
შეგახსენებთ, ბენზემა, გამოძიების თანახმად, 2015 წელს შუამავალი იყო და ვალბუენას მოუწოდებდა შანტაჟისტებისთვის ფული გადაეხადა, რომლებსაც ფეხბურთელის ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერი ჰქონდათ.
ამ სკანდალის გამო, ორივე ფეხბურთელი 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების განაცხადს მიღმა დარჩა.