ბარსელონა უეფას კონფერენს ლიგის საუკეთესო ბომბარდირის ტრანსფერზე ამუშავდა
"ბარსელონა" ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე "ბაზელის" თავდამსხმელის, არტურ კაბრალის ყიდვითაა დაინტერესებული.
როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport იტყობინება, კატალონიურმა გრანდმა 23 წლის ფორვარდის ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაიწყო.
მოქმედი ხელშეკრულების ვადა ბრაზილიელს 2023 წლის ზაფხულში ეწურება, ამიტომაც შვეიცარიული კლუბი მზად არის იგი გაუშვას, რათა შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით არ დაკარგოს. ტრანსფერი 15-20 მილიონ ევროდ ფასდება.
აღსანიშნავია, რომ თავად კაბრალიც დაინტერესებულია "ბარსელონაში" გადასვლით.
"ბაზელის" თავდამსხმელი 13 მატჩში გატანილი 13 გოლით შვეიცარიის ჩემპიონატის ბომბარდირია. აგრეთვე, იგი 10 შეხვედრაში გატანილი 10 ბურთით უეფას კონფერენს ლიგის ბომბარდირთა დავას ლიდერობს.