ბეილის აგენტმა რეალის გულშემატკივრებს შეუტია: "გარეტის მიმართ ამაზრზენად იქცევიან"

"რეალის" თავდამსხმელის, გარეტ ბეილის აგენტმა, ჯონათან ბარნეტმა მადრიდული გრანდის გულშემატკივრების საქციელი შეაფასა.
მოგეხსენებათ, უელსის ნაკრების განკარგულებიდან დაბრუნების შემდეგ, 32 წლის შემტევი ფანების უკმაყოფილებას წააწყდა.
გასულ პარასკევს, როცა გარეტი ვალდებებასში "სამეფო კლუბის" ბაზას ტოვებდა, ზოგიერთმა ფანმა მას შეურაცხმყოფელი სიტყვა მიაძახა - maricón ("პედიკი"), რაც El Golazo de GOL-ის ეთერში მოხვდა.
– ითვალისწინებთ კლუბის გულშემატკივრების აზრს რაიმე სახით?
"არა, საერთოდ რატომ უნდა ვიდარდო ამაზე? ვფიქრობ, გარეტის მიმართ ამაზრზენად იქცევიან", - ციტირებს ბარნეტის სიტყვებს Marca.
ბეილმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით ესტონეთთან (0:0) და ბელარუსთან (5:1) გამართულ მატჩებში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ნაკრებში ყოფნისას მორიგი ტრავმა მიიღო და 2-3 კვირას იუქმებს. "რეალის" რიგებში მას აგვისტოს შემდეგ არ უთამაშია.
მიმდინარე სეზონში გარეტმა მადრიდული გრანდის მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 3 შეხვედრაში ითამაშა და თავი ერთი გატანილი ბურთით გამოიჩინა.