ავტორიზაცია

გეგმა A - რა შემთხვევაში ეცდება ვილიარეალი კვარაცხელიას შეძენას?

გეგმა A - რა შემთხვევაში ეცდება ვილიარეალი კვარაცხელიას შეძენას?
თარიღი 25 Nov 2021, 21:36

იმ შემთხვევაში, თუ ვილიარეალი 2022 წლის იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს არნო დანჟუმას გაყიდის, ესპანური გუნდი მის შემცვლელად ყაზანის რუბინის 20 წლის ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას დამატებას ეცდება.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა elgoldigital იუწყება და წერენ, რომ ყველასთვის მოულოდნელად, "წყალქვეშა ნავის" გეგმა A დანჟუმას შეცვლისთვის სწორედ ქართველი ვინგერია.

"ვილიარეალში კარგად იციან კვარაცხელიას დიდი პოტენციალის შესახებ. ასე რომ, დანჟუმას გაყიდვით მისი შეძენა შესაძლებელია, რომელიც, სხვათა შორის, კლუბს იაფი ნამდვილად არ დაუჯდება. Transfermarkt ქართველ მარცხენა გარემარბს 18 მილიონ ევროდ აფასებს და მისი ფასი არ მცირდება. ტრანსფერი შესაძლოა, 20 მილიონი ევრო დაჯდეს, რომლის შემცირება ვილიარეალს შეუძლია განსაკუთრებული პუნქტის ჩართვით, რომელიც თამაშების რაოდენობაზე იქნება დამყარებული. ყველაფერი საბოლოოდ ზამთარში დანჟუმას სავარაუდო გაყიდვაზე იქნება დამოკიდებული," - წერს ესპანური საიტი.

მიმდინარე სეზონში არნო დანჟუმა შესანიშნავ ფორმაშია. "ვილიარეალის" მაისურით ნიდერლანდელმა 14-ჯერ ითამაშა, 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

რაც შეეხება კვარაცხელიას, მან რუბინის მაისურით ჩატარებულ 14 შეხვედრაში ერთხელ გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა, თუმცა ევროპული გამოცემების ყურადღება მის მიმართ შვედეთთან(2-0) მოგებულ მატჩში გაფორმებული დუბლის შემდეგ განახლდა.