არაუხომ იმაზე მაღალი ხელფასი მოითხოვა, ვიდრე ბარსა ელოდა — ურუგვაელის ყიდვა 3 გრანდს სურს
"ბარსელონას" მცველ რონალდ არაუხოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით შესაძლოა პრობლემები შეექმნას.
როგორც ავტორიტეტული გამოცემა ESPN იტყობინება, ურუგვაელთან შეთანხმება მარტივი არ იქნება, რადგან ფეხბურთელის ფინანსური მოთხოვნები იმაზე მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე კატალონიელები ელოდნენ. "ბლაუგრანა" აქამდე დარწმუნებული იყო, რომ უკანახაზელთან 5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებებზე გავლენას ახდენს ინგლისური გრანდების ინტერესიც. არაუხოს განვითარებას გარკვეული პერიოდია თვალყურს ადევნებს "ლივერპული", რომელიც მასთან კონტაქტის დამყარებასაც კი ცდილობდა. აგრეთვე, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მცველისადმი ყურადღებას "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედიც" იჩენენ.
"ბარსას" მენეჯერები უახლოეს დღეებში არაუხოს აგენტთან შეხვედრის ორგანიზებას გეგმავენ, სიტუაციიდან გამოსავლის საპოვნელად და ზაფხულში ფეხბურთელის გაყიდვის აუცილებლობის თავიდან ასარიდებლად.
მიმდინარე სეზონში 22 წლის სამხრეთამერიკელმა უკანახაზელმა ყველა ტურნირზე ერთად "ბარსელონას" მაისურით 13 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.