ავტორიზაცია

"ვფიქრობ, აფრიკის წინაშე ბოდიში უნდა მოიხადოთ", - რამ გამოიწვია ჟურნალისტისა და კლოპის დაპირისპირება?

"ვფიქრობ, აფრიკის წინაშე ბოდიში უნდა მოიხადოთ", - რამ გამოიწვია ჟურნალისტისა და კლოპის დაპირისპირება?
თარიღი 27 Nov 2021, 14:47

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი ჟურნალისტს ეკამათა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე "პორტუსთან" (2:0) მოგებული მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე გერმანელი სპეციალისტი გააკრიტიკა იმის გამო, რომ აფრიკის თასს უმნიშვნელო ტურნირი უწოდა.

– გამარჯობა იურგენ, პრესასთან ბოლო საუბრისას აფრიკის თასს "პატარა ტურნირი" უწოდეთ. ვფიქრობ, ეს ფეხბურთელებისთვის, გულშემატკივრებისთვის, ადამიანებისთვის შეურაცხმყოფელია. ვფიქრობ, კონტინენტის წინაშე ბოდიში უნდა მოიხადოთ, - თქვა ჟურნალისტმა, ოჯორა ბაბანტუდემ.

"გაჩერდი, გაჩერდი, გაჩერდი. მსგავსი არაფერი მიგულისხმია. სიმართლე გითხრათ, არ მესმის, რატომ მიიღეთ ასე".

"მსგავსი რამ ნამდვილად არ მიგულისხმია, შეწყვიტეთ. აფრიკის თასზე, როგორც "პატარა ტურნირზე" ან აფრიკაზე, როგორც პატარა კონტინენტზე საუბრის იდეა არც კი მქონია".

"თუ მთელ პრესკოფერენციას გადახედავთ და გაგებას მოინდომებთ, მიხვდებით - მხოლოდ იმას ვგულისხმობდი, რომ მარტამდე არანაირი სანაკრებო პაუზა არ იქნება და ვთქვი: "ოჰ, დიახ, იანვარში პატარა ტურნირია".

"და არ მიგულისხმია, პატარა ტურნირი იქნება-თქო. უბრალოდ ვთქვი, რომ იანვარში კიდევ ერთი ტურნირი იქნება-მეთქი, ირონიით. ეს დიდი ტურნირია და მისი ჩატარების გამო ჩვენს საუკეთესო ფეხბურთელებს ვკარგავთ".

– მაგრამ ამას ევროპაზე არ იტყოდით. არ იტყოდით: "პატარა ტურნირი ევროპაში".

"ინგლისური ჩემი მშობლიური ენა არ არის, მაგრამ თუ გინდათ არასწორად გამიგოთ, ამის გაკეთება ყოველთვის შეგძლიათ".

"ვიცი, ასე არასოდეს ვიფიქრებდი. არ მესმის, რატომ მიიღეთ ასე, მაგრამ ეს ნორმალური ნამდვილად არ არის, რადგან ამას არასდროს გავაკეთებდი".

"ასეთი განზრახვა არ მქონია, თუმცა თქვენ გააზვიადეთ, რაც კარგი სულაც არ არის, სიმართლე გითხრათ", - ციტირებს კლოპის სიტყვებს Goal.com.

2022 წლის აფრიკის თასი კამერუნში 6 იანვრიდან 9 თებერვლამდე გაიმართება. ტურნირში მონაწილეობას "ლივერპულის" სამი ფეხბურთელი მიიღებს - მოჰამედ სალაჰი (ეგვიპტე), სადიო მანე (სენეგალი) და ნაბი კეიტა (გვინეა).