ზღაპრული შეთავაზების პირობები — დემბელესთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა

"ბარსელონას" შემტევმა ნახევარმცველმა, უსმან დემბელემ შესაძლოა კატალონიური გრანდის რიგები დატოვოს.
24 წლის ფრანგს ახალ კონტრაქტზე "ლურჯ-ბროწეულისფერთა" შეთავაზება ჯერ არ მიუღია, რადგან აცნობიერებს, რომ მას იმაზე საგრძნობლად ნაკლებს გადაუხდიან, ვიდრე ინგლისში, მაგალითად.
"ბარსამ" ამჟამინდელი ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უკვე გაუკეთა ფეხბურთელს მაქსიმალურად მიმზიდველი წინადადება, მაგრამ უსმანისა და მისი აგენტისთვის საკმარისად დამაჯერებელი არ არის.
როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo იტყობინება, უსმანისთვის ბრძოლაში ამჟამად ფავორიტი "ნიუკასლია". "კაჭკაჭები" ფრანგს წლიური ხელფასის სახით 15 მილიონ ევროს სთავაზობენ, კიდევ 15 მილიონს ისინი მას ბონუსად, კონტრაქტის გაფორმებისთვის ჰპირდებიან, აგრეთვე აგენტსაც სოლიდურ საკომისიოს უხდიან. ამასთანავე, მისდამი ინტერესს "მანჩესტერ იუნაიტედი" იჩენს.
"ბარსას" მთავარ მწვრთნელს, ხავის დემბელეს შენარჩუნება ძალიან უნდა, რომელსაც კონტრაქტის ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა, მიუხედავად კლუბის მთელი ძალისხმევისა, ფეხბურთელი უკვე ფიქრობს კლუბის დატოვებაზე - ეს მისი წარმომადგენლის რჩევაა.
შეგახსენებთ, "ბლაუგრანამ" დემბელე 2017 წლის ზაფხულში "დორტმუნდიდან" 105 მილიონის სანაცვლოდ იყიდა.
მიმდინარე სეზონში უსმანმა ყველა ტურნირზე ერთად "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა, მას ჯერ კიდევ ევრო 2020-ზე მიღებული ტრავმა აწუხებდა.