დემბელეს მხოლოდ ფულით ვერ მოთაფლავ? — ბარსელონას შემტევმა ზღაპრული წინადადება იუარა

კატალონიის "ბარსელონას" შემტევი ნახევარმცველი, უსმან დემბელე "ნიუკასლში" გადაბარგებას არ აპირებს.
როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport იტყობინება, ფრანგი "კაჭკაჭების" წინადადებით დაინტერესებული არ არის, რომელიც მას წლიური ხელფასის სახით 15 მილიონ ევროს სთავაზობს, დამატებით 15 მილიონს კი ბონუსად, კონტრაქტის გაფორმებისთვის ჰპირდებიან.
დემბელეს სურს საინტერესო სპორტული პროექტის ნაწილი გახდეს და ფიქრობს, რომ "ნიუკასლს" ჯერჯერობით ამის შეთავაზება არ შეუძლია.
ინგლისური კლუბი დემბელეს აგენტს უკვე ესაუბრა, რის შესახებაც "ბარსელონაში" კარგად იციან. კლუბი უსმანთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აგრძელებს, მაგრამ მხარეები შეთანხმებას ჯერ ვერ ახერხებენ.
მიუხედავად ამისა, ამ საკითხთან დაკავშირებით, "ბარსას" პოზიცია უფრო უკეთესია, ვიდრე "ნიუკასლის" მდგომარეობა.
დემბელეს "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2022 წლის ივნისის ბოლოს ეწურება.
შეგახსენებთ, "ბლაუგრანამ" 24 წლის ფრანგი 2017 წლის ზაფხულში "დორტმუნდიდან" 105 მილიონის სანაცვლოდ იყიდა.
მიმდინარე სეზონში უსმანმა ყველა ტურნირზე ერთად "ბარსას" მაისურით მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა, მას ჯერ კიდევ ევრო 2020-ზე მიღებული ტრავმა აწუხებდა.