საგა მალევე დასრულდა — ფერან ტორესის მანჩესტერ სიტიდან ბარსელონაში ტრანსფერი ჩაიშალა
"ბარსელონასა" და "მანჩესტერ სიტის" შორის შემტევ ნახევარმცველ ფერან ტორესის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა.
როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, კატალონიურ გრანდს იანვარში 21 წლის ესპანელის იჯარით დამატება უნდოდა, მაგრამ "ქალაქელებმა" უარი განაცხადეს.
ინგლისელთათვის ტორესის იჯარით გაშვების (შემდგომი გამოსყიდვის ვალდებულებით) ვარიანტი მიუღებელი იყო. კლუბი მხოლოდ სრულფასოვან ტრანსფერზე გახლდათ თანახმა და ფერანის სანაცვლოდ არანაკლებ 70 მილიონ ევროს ითხოვდა.
"ბარსას" ამხელა ფული არ აქვს, ამიტომაც ტრანსფერი ჩაიშალა. აღინიშნება, რომ ტორესი და "ბარსელონა" პირად კონტრაქტზე უკვე შეთანხმებულები იყვნენ. თავად ფეხბურთელსაც უნდა კლუბის შეცვლა. პეპ გვარდიოლაც მზად იყო თავისი შეგირდის გასაშვებად.
შეგახსენებთ, ფერანი "მანჩესტერ სიტიში" 2020 წლის ზაფხულში 23+12 მილიონ ევროდ გადავიდა. თუმცა, "ვალენსიას" ბონუსებით გათვალისწინებული თანხა არ მიუღია, რადგან 21 წლის ფეხბურთელს "ქალაქელთა" მაისურით მოედანზე საჭირო ოდენობის წუთები არ გაუტარებია.
მიმდინარე სეზონში ფერან ტორესმა "მანჩესტერ სიტის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 7 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასიც მიითვალა.