ჰოლანდის მამა და აგენტი ბევრ ფულს ითხოვენ — ბარსელონას ოცნებები დამსხვრევის პირასაა?
ნაკლებად სავარაუდოა, რომ "ბარსელონამ" "დორტმუნდის" ფორვარდის, ერლინგ ჰოლანდის შეძენა შეძლოს, რადგან ფეხბურთელის მხარე მაღალ საკომისიოს ითხოვს.
როგორც SER Catalunya იტყობინება, კატალონიურმა გრანდმა 21 წლის თავდამსხმელის ყიდვის შესაძლებობა შეისწავლა, მაგრამ გულდასაწყვეტ დასკვნებამდე მივიდა.
ამჟამად "ბარსაში" ფიქრობენ, რომ ჰოლანდის ყიდვა ძალიან რთული იქნება, მაგრამ კლუბი მაინც ეცდება.
"ბარსელონას" პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას ნორვეგიელი ძალიან მოსწონს. გარიგების გაჩარხვაზე სპორტის დეპარტამენტი მუშაობს.
მთავარი დაბრკოლება ფინანსური ფეირ პლეია. გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, "დორტმუნდის" სუპერვარსკვლავის გამოსასყიდი თანხა 75 მილიონ ევროს შეადგენს. დამატებით 60 მილიონი საკომისიოს სახით იქნება გადასახდელი: 40 მილიონს აგენტი მინო რაიოლა ითხოვს, 20 მილიონს კი - ფეხბურთელის მამა ალფ-ინგე ჰოლანდი.
მიმდინარე სეზონში ჰოლანდმა ყველა ტურნირზე ერთად "დორტმუნდის" მაისურით 11 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.