რანგნიკის პირველი ხმაურიანი სამიზნე — მანჩესტერის ახალი მწვრთნელი გუნდში ჰოლანდს მიიყვანს?
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს, რალფ რანგნიკს გუნდში "დორტმუნდის" ფორვარდის, ერლინგ ჰოლანდის ხილვა უნდა.
გერმანელი სპეციალისტი ნორვეგიელი სუპერვარსკვლავის გადაბირებას ეცდება, წერს Bild-ის ჟურნალისტი, კრისტიან ფალკი.
რანგნიკი აქამდე "ზალცბურგს" დაეხმარა ჰოლანდის შეძენაში. აგრეთვე, იგი ალფ-ინგე ჰოლანდთან ახლო ურთიერთობაშია, 21 წლის ფორვარდის მამასთან და ამავდროულად, წარმომადგენელთან.
მიმდინარე სეზონში ერლინგმა ყველა ტურნირზე ერთად "დორტმუნდის" რიგებში 11 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასი გააკეთა.
ცნობისთვის, ჰოლანდს ბორუსიელებთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და Transfermarkt-ის ვერსიით, მისი სატრანსფერო ფასი ამჟამად 150 მილიონ ევროს შეადგენს.