რანგნიკი რონალდუს შესახებ: "არასოდეს მინახავს 36 წლის ფეხბურთელი ასეთ ფორმაში"
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, რალფ რანგნიკმა გუნდის ფორვარდი, კრიშტიანუ რონალდუ შეაქო.
"შენს სტილთან ან იდეებთან მორგება ყოველთვის იმ ფეხბურთელების მიხედვითაა საჭირო, ვინც გყავს", - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს Football Daily.
"ვნახე, თუ როგორ ითამაშა 36 წლის რონალდუმ "არსენალთან" გამართული მატჩის მეორე ტაიმში. ბრწყინვალე პროფესიონალია. არასოდეს მინახავს მისი ასაკის ფეხბურთელი ასეთ ფიზიკურ ფორმაში. კვლავ მარტივად წყვეტს მატჩების ბედს".
"მაგრამ საქმე არა მხოლოდ მას, არამედ მთლიანად გუნდის განვითარებას ეხება. იმის მიხედვით, რაც გუშინ ვიხილე, კრიშტიანუ მზად არის გუნდისთვის ბოლომდე დაიხარჯოს", - დასძინა რანგნიკმა.
შეგახსენებთ, 63 წლის სპეციალისტი "ეშმაკუნების" დამრიგებლად ოფიციალურად დღეს დაინიშნა.