ბელინგემი: "გერმანიის მთავარი მატჩი ანდეთ მსაჯს, რომლის კარიერაშიც გარიგებული მატჩი ფიქსირდება"

"დორტმუნდის" შემტევმა ნახევარმცველმა, ჯუდ ბელინგემმა ფელიქს ცვაიერის მუშაობა გააკრიტიკა, რომელიც ბუნდესლიგის მე-14 ტურში "ბაიერნთან" (2:3) გამართული მატჩის მთავარი არბიტრი გახლდათ.
"ვფიქრობ, პენალტი არ იყო. ჰუმელსი ბურთს არც კი უყურებდა, რამდენიმე ფეხბურთელს შორის იყო მოქცეული და გაღწევას ცდილობდა", - ციტირებს ინგლისელის სიტყვებს Sky Sports.
"შეგიძლიათ ამ მატჩში არბიტრის ბევრი სხვა გადაწყვეტილებაც ნახოთ. გერმანიის მთავარი მატჩის განსჯას ანდობთ იმ მსაჯს, რომელსაც კარიერაში გარიგებული მატჩი აქვს. რას ელოდით მისგან?", - დასძინა ბელინგემმა.
აღსანიშნავია, რომ 2004 წელს ცვაიერი რობერტ ჰოიცერის საქმის მოწმე იყო, რომელსაც ბრალად გარიგებულ შეხვედრებში მონაწილეობა ედებოდა. მსაჯს უფლებამოსილება 6 თვით შეუჩერეს, რადგან მან ჰოიცერის დანაშაულის შესახებ იცოდა, თუმცა ეს სამართალდამცავებს არ შეატყობინა.