ავტორიზაცია

ჟეზუში: "ჩემპიონთა ლიგას ბარსელონა გამოვთიშეთ და ევროპის საუკეთესო 16 გუნდს შორის ვართ"

ჟეზუში: "ჩემპიონთა ლიგას ბარსელონა გამოვთიშეთ და ევროპის საუკეთესო 16 გუნდს შორის ვართ"
თარიღი 09 დეკ 2021, 20:44

"ბენფიკას" მთავარმა მწვრთნელმა, ჟორჟე ჟეზუშმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურში კიევის "დინამოსთან" (2:0) მოგებული მატჩის შემდეგ განცხადება გააკეთა.

მოგეხსენებათ, პარალელურ მატჩში "ბარსელონა" სტუმრად "ბაიერნთან" (0:3) განადგურდა, რისი წყალობითაც ფლეი ოფში ლისაბონელები იასპარეზებენ, ხოლო კატალონიელები ევროპა ლიგაზე გააგრძელებენ ბრძოლას.

"პირველ რიგში, მინდა ჩვენს გუნდს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გასვლა მივულოცო. ეს ჩვენთვის დიდი მიღწევაა. თუმცა, რა თქმა უნდა, "ბაიერნს" "ბარსელონა" რომ ვერ დაემარცხებინა, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა".

"ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში გასვლა ნებისმიერ გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა ტურნირს მიღმა ისეთ გუნდს ტოვებ, როგორიც "ბარსელონაა". ახლა უფრო მეტ ყურადღებას მივიპყრობთ. ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგება არ არის, მაგრამ გვჯერა, რომ შორს წავალთ".

"რაც შეეხება 1/8 ფინალის კენჭისყრას, სასურველი ვარიანტი არ მაქვს. მაგრამ უკვე ვიცი, რომ ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი შეგვხვდება. მჯერა, მეოთხედფინალში გავალთ, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება ჩვენი მეტოქე".

"შესარჩევი და ჯგუფური ეტაპების გათვალისწინებით, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში უკვე 10 მატჩი ჩავატარეთ. შთამბეჭდავი კამპანია გვქონდა. ხუთი შეხვედრა მოვიგეთ, სამჯერ ფრედ ვითამაშეთ და ორში დავმარცხდით. ამავდროულად, ტურნირს "ბარსელონა" გამოვთიშეთ და ევროპის 16 საუკეთესო გუნდს შორის ვართ", - თქვა ჟორჟე ჟეზუშმა.