კიდევ უფრო მძიმე ფინანსური დარტყმა — რა თანხას დაკარგავს ბარსა ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნით?

ფინანსური თვალსაზრისით, კატალონიის "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა მძიმე დარტყმას მიაყენებს.
გავლენიანი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს ცნობით, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ბიუჯეტში, როგორც ყოველთვის, მინიმუმ 1/4 ფინალში გასვლა იყო გათვალისწინებული.
ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ჯგუფში ჩარჩენის გამო "ბლაუგრანა" მინიმუმ 30 მილიონი ევროთი იზარალებს.
გეგმის მიხედვით, "ბარსას" 1/8 ფინალში მოხვედრით 9,6 მილიონი უნდა მიეღო, 1/4 ფინალში გასვლით კი 10,6 მილიონი - დამატებული ამას შემოსავალი სპონსორებისგან, ტელევიზიიდან და მატჩის დღეებიდან.
ასე და ამგვარად, კატალონიურმა გრანდმა ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა, სადაც ზარალის ასანაზღაურებლად მინიმუმ ფინალში უნდა გავიდეს.
აღსანიშნავია, რომ ევროპა ლიგის 1/16 ფინალში გასვლით კლუბი მხოლოდ 500 ათას ევროს მიიღებს. 1/8 ფინალში გასვლისთვის 1,8 მილიონს იძლევიან.
შედარებისთვის: ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაღწევისთვის 15,5 მილიონს იხდიან, ევროპა ლიგის ფინალში გაღწევისთვის კი - 4,6 მილიონს. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს 20 მილიონი ეკუთვნის, ევროპა ლიგის გამარჯვებულს კი - 8,6 მილიონი.