"გეგმები უცვლელია", - ლევანდოვსკიმ გაამხილა, თუ რა მიზნები ექნება 2022 წელს
მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა გეგმები აქვს 2022 წლისთვის.
"მიზნები იგივეა, რაც ბოლო წლებში: რაც შეიძლება მეტი ტიტულის მოგება, რაც შეიძლება მეტი გოლის გატანა და გულშემატკივრების გახარება", - ციტირებს პოლონელის სიტყვებს Tuttosport.
მიმდინარე სეზონში 33 წლის სუპერვარსკვლავმა ყველა ტურნირზე ერთად "რეკორდმაისტერის" მაისურით 23 მატჩი ჩაატარა, 27 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასიც მიითვალა.
29 ნოემბერს, გავლენიანმა გამოცემა France Football-მა "ოქროს ბურთის" გამარჯვებულად "პსჟ"-ს თავდამსხმელი, ლიონელ მესი დაასახელა. ლევანდოვსკიმ მეორე ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, რობერტი "ბაიერნის" ღირსებას 2014 წლის 1 ივლისიდან იცავს და მოქმედი კონტრაქტის ვადა კლუბთან 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.