პსჟ-მ მბაპეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა — როდის გაირკვევა კილიანის მომავალი?
"პარი სენ ჟერმენი" მთელი ძალებით ცდილობს გუნდის თავდამსხმელის, კილიან მბაპეს შენარჩუნებას და მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას.
როგორც ცნობილი ფრანგული გამოცემა RMC Sport-ი იტყობინება, პარიზელები მზად არიან 22 წლის შემტევი კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქციონ და უკვე შეთავაზებაც გაუკეთეს.
მბაპე საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილებას უახლოეს კვირებში არ მიიღებს. კილიანი სრულიად "პსჟ"-ზეა კონცენტრირებული და ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან" გასამართ 1/8 ფინალურ მატჩებზე. ამ სეზონში მას ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდა.
მბაპეს საკითხის ფინანსური მხარე არ აინტერესებს. ზაფხულში იგი თავის გრძნობებს მოუსმენს. თუ კილიანი იგრძნობს, რომ საფრანგეთსა და "პსჟ"-ში მისი დრო ამოიწურა, მაშინ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს და მადრიდში გადავა.
მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა სუპერვარსკვლავმა ყველა ტურნირზე ერთად "პსჟ"-ს მაისურით 23 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი პასიც გააკეთა.