ბარსამ და ინტერმა შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ — ალექსისი კატალონიაში დაბრუნდება?
მილანის "ინტერის" თავდამსხმელმა, ალექსის სანჩესმა კარიერა შესაძლოა კატალონიის "ბარსელონაში" გააგრძელოს.
როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი იტყობინება, "ლურჯ-ბროწეულისფრებს" "სევილიადან" იჯარით დამატებული ლუკ დე იონგის გაშვება უნდათ და სხვა შემტევ ფეხბურთელს ეძებენ.
თავის მხრივ, გავრცელებული ინფორმაციით, "ინტერი" ინტერესდება "ბლაუგრანას" ჰოლანდიელი თავდამსხმელის გადაბირებით.
ამ საკითხთან დაკავშირებით, "სევილიას" პოზიციაც ცნობილია - ანდალუსიაში აღნიშნული ბარტერის წინააღმდეგნი არ არიან.
მიუხედავად ამისა, სანჩესის "ბარსაში" გადასვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ გუნდის მთავარი მწვრთნელი, ხავი თანხმობას განაცხადებს.
მოგეხსენებათ, 32 წლის ჩილელს კატალონიურ გრანდში უკვე უთამაშია, სადაც 2011 წლიდან 2014 წლამდე ირიცხებოდა.
მიმდინარე სეზონში ალექსისმა ყველა ტურნირზე ერთად "ნერაძურის" მაისურით 14 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.