შეხვედრა უკვე შედგა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს — ბარსა მორიგ უფასო ტრანსფერზე მუშაობს
კატალონიის "ბარსელონა" ტურინის "იუვენტუსის" შემტევი ნახევარმცველით, ფედერიკო ბერნარდესკით ინტერესდება.
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" წარმომადგენლები ორშაბათს 27 წლის იტალიელის აგენტს, ფედერიკო პასტორელოს შეხვდნენ და მოლაპარაკებები გამართეს.
როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი იტყობინება, მხარეებმა ფეხბურთელის უფასო ტრანსფერის შესაძლებლობა განიხილეს, რომელსაც ზაფხულში "ბებერ ქალბატონთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება.
"ბლაუგრანას" დირექტორი, მატეუ ალემანი და პასტორელო შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული საკითხი უახლოეს კვირებში უფრო დეტალურად განიხილონ.
ცნობისთვის, ბერნარდესკიმ მიმდინარე სეზონში "იუვენტუსის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 17 მატჩი ჩაატარა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.