კოუტინიოზე უარი ორმა გრანდმა თქვა — ბრაზილიელს ერთადერთი მსურველი ჰყავს, თუმცა თავად წინააღმდეგია
"ბარსელონას" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შემტევ ნახევარმცველ ფილიპე კოუტინიოსთან განშორება სურს.
როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo იტყობინება, ფეხბურთელის აგენტი მომდევნო კვირაში კატალონიელთა ხელმძღვანელობას შეხვდება და ბრაზილიელის მომავალს განიხილავს.
გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსას" ფილიპეს ჩართვა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ან "მანჩესტერ სიტისთან" გარიგებაში სურდა, მაგრამ ორივე კლუბმა იუარა ეს ვარიანტი, რადგან ფიქრობენ, რომ მსგავსი თვისებების მქონე ფეხბურთელები უკვე ჰყავთ.
თავის მხრივ, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, 29 წლის სამხრეთამერიკელს "ნიუკასლში" გადასვლა არ უნდა, რომელიც მისდამი სერიოზულ ინტერესს იჩენს.
შეხვედრის წინ, ორივე მხარე კოუტინიოთი დაინტერესებულ გუნდებზე შეაგროვებს ინფორმაციას, შემდეგ კი თითოეული ვარიანტის დადებით და უარყოფით მხარეებს განიხილავენ. მხარეები არსებული სიტუაციიდან ყველასათვის მომგებიანი გამოსავალის პოვნას ეცდებიან.
აქამდე ისიც დაიწერა, რომ კატალონიური გრანდი მზად არის ფილიპეს კონტრაქტი გაუწყვიტოს, თუ ეს უკანასკნელი ზამთარში კლუბიდან წასვლაზე უარს იტყვის.
მიმდინარე სეზონში კოუტინიომ "ბარსელონას" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 16 მატჩი ჩაატარა და თავი 2 გატანილი ბურთით გამოიჩინა.