სანჩესი ბარსელონაში არ დაბრუნდება — მიზეზი, რის გამოც ხავიმ ალექსისზე უარი თქვა
მილანის "ინტერის" თავდამსხმელი, ალექსის სანჩესი კატალონიის "ბარსელონას" რიგებში არ დაბრუნდება, წერს Diario Sport-ი.
როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა იტყობინება, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა 32 წლის ჩილელის მიწვევის ვარიანტი იუარა.
აღსანიშნავია, რომ "ბლაუგრანას" ამჟამინდელი დამრიგებელი ფეხბურთელის რანგში ალექსისთან ერთად გუნდის ღირსებას 2011 წლიდან 2014 წლამდე იცავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხავის სხვა ფეხბურთელების დამატება ურჩევნია - მაგალითად, "მანჩესტერ სიტის" გარემარბის, ფერან ტორესის.
"ბარსას" თავკაცს გარისკვა არ უნდა და ასაკოვანი მოთამაშეების მიწვევას არ აპირებს, რომლებსაც კარიერული პიკი უკვე გავლილი აქვთ.
მიმდინარე სეზონში სანჩესმა ყველა ტურნირზე ერთად "ინტერის" მაისურით 14 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასიც მიითვალა.