ავტორიზაცია

ერიქსენის აგენტი: "კრისტიანი თავს კარგად გრძნობს და თამაშს გააგრძელებს, ორმა კლუბმა უკვე დამირეკა"

ერიქსენის აგენტი: "კრისტიანი თავს კარგად გრძნობს და თამაშს გააგრძელებს, ორმა კლუბმა უკვე დამირეკა"
თარიღი 19 Dec 2021, 10:57

დანიელი ნახევარმცველის, კრისტიან ერიქსენის აგენტმა, მარტინ შუტსმა თავისი კლიენტის მომავლის შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, 29 წლის ფეხბურთელმა ორი დღის წინ "ინტერთან" კონტრაქტი გაწყვიტა, რომელიც 2024 წლის 30 ივნისამდე იყო ძალაში.

"კრისი კარგ ფიზიკურ მდგომარეობაშია და თამაშს გააგრძელებს. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ფეხბურთი მისი ვნებაა".

"ორმა კლუბმა უკვე დამირეკა იმის გასაგებად, თუ როგორ გრძნობს თავს. ეს დიდი ხნის წინ იყო, როცა ჯერ კიდევ აკავშირებდა კონტრაქტი "ინტერთან" და ინდივიდუალურად ვარჯიშობდა".

"რაც შეეხება "ინტერს", ყველაფერი ისედაც ცხადი იყო. იტალია ერთადერთი ქვეყანაა, სადაც დეფიბრილატორით თამაში ან ვარჯიში დაშვებული არ არის", - ციტირებს შუტსის სიტყვებს AS-ი.

გამოცდილი დანიელი "ნერაძურის" 2020 წლის იანვარში "ტოტენჰემიდან" შეუერთდა, მის სანაცვლოდ მილანელებმა 27 მილიონი ევრო გადაიხადეს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ერიქსენი შესაძლოა დანიაში დაბრუნდეს - თავის ყოფილ კლუბ "ოდენსეში", სადაც ახლა ვარჯიშობს. გარდა ამისა, 6 კვირის წინ მისდამი ინტერესი "აიაქსმაც" გამოიჩინა.