ავტორიზაცია

"ალბათ, ყვითლები ამის შემდეგ დამებედა" - ჯაბა კანკავას ვრცელი ინტერვიუ

"ალბათ, ყვითლები ამის შემდეგ დამებედა" - ჯაბა კანკავას ვრცელი ინტერვიუ
თარიღი 20 დეკ 2021, 17:45

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა გვერდმა ნაკრების კაპიტან ჯაბა კანკავასთან 100 საიუბილეო მატჩთან დაკავშირებით ინტერვიუ ჩამოართვა.

35 წლის ფეხბურთელი საწყის პერიოდებსა და ნაკრებში გამორჩეულ მომენტებზე საუბრობს.

"არასდროს მიფიქრია, რომ საქართველოს ნაკრებში შევძლებდი ამდენი თამაშის დაგროვებას. 70-80 რომ დამიგროვდა, მერე ვიგრძენი რომ ეს შესაძლებელი იყო. არ ვფიქრობდი, 100 მატჩს ჩავატარებ და მერე წავალ მეთქი. ეს თავისთავად მოხდა და სასიამოვნოა.

იმდენად მინდოდა ეროვნულ ნაკრებში თამაში, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებდი. პროფესიონალური კონტრაქტი 1.5 წლის გაფორმებული მქონდა, ნაკრებშ რომ გამომიძახეს. ეს იყო მოულოდნელობაც და ამავდროულად, დიდი მოტივაციის მომცემიც. 

2004 წელი იყო, დინამოში წარმატებული სეზონი გვქონდა, ჯგუფშიც მოვხვდით და ვგრძნობდი, რომ შეიძლება გამოვეძახებინე. პირველი ოფიციალური თამაში თურქეთში სკამზე ვიჯექი და შემდეგ ალბანეთთან სახლში დებიუტიც მქონდა. ბევრი კარგი რამ დაემთხვა: მოგება, სავსე ტრიბუნები. რაც შემიძლია პირველი გავიხსენო: ჟირესმა რომ მითხრა გახურდიო, ისე ვნერვიულობდი, დღემდე მახსოვს.

შეცვლაზე შევედი და 2 წუთში ყვითელი ბარათი მივიღე, იმის მერე დამებედა ეს ყვითელი ბარათები. თავიდან ნერვიულობის გრძნობა ყველას აქვს. 

ხორვატიის და ბელარუსის ნაკრებების წინააღმდეგ იყო ყველაზე კარგი მატჩები ნაკრებში. ეს ის შეხვედრები იყო, როცა რეალურად გვქონდა შანსი, რაღაცისთვის მიგვეღწია. 

ოჯახი ყველასთვის პირველია და ეს ასეც უნდა იყოს, ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი კი დედა იყო, ყველგან მგულშემატკივრობდა: ტრავმა მქონდა თუ არა, სულ ჩემს გვერდით იყო.

ერთი მიზანი მქონდა: ბევრი მევარჯიშა და დამემტკიცებინა, რომ ღირსი ვიყავი, სასტარტო 11-ეულში მეთამაშა, ასეთი შეხედულება მაქვს დღესაც. მინდა ყველას მადლობა ვუთხრა, ვინც წლების განმავლობაში გვერდით მედგა და მიდგას," - განაცხადა ჯაბა კანკავამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას.

ჯაბა კანკავას ეროვნულ ნაკრებში 100 მატჩში 10 გოლი და 5 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული.